Pages

Wednesday, March 17, 2010

სტატისტიკა


   სტატისტიკა (გერმ. Statistik; იტალ. stato , გვიანდელი ლათ. status), საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოების მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს თვისებრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში ადგილისა და დროის განსაზღვრულ პირობებში.

    სტატისტიკა შეისწავლის მონაცემებს, მათ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით შესაბამისი დასკვნების გამოტანას.

   მინდა მოგითხროთ ქართული სტატისტიკის ისტორიის შესახებ: ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები.
      1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში. კომიტეტს დაევალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა. 
     საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლის 3 აპრილს თბილისში გამოქვეყნდა რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი “საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს დაარსების შესახებ”, ხოლო 1921 წლის 4 ივლისს – პირველი დებულება საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ.
     საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კერძოდ კი 1990-იან წლებში საჭირო გახდა დაკვირვების მთელი ინსტრუმენტარიუმის ძირეული ცვლილება, ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული, ალტერნატიული წყაროების ფორმირება. მნიშვნელოვანი გახდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებების და რეფორმების დახასიათება.
   1991 წლის 27თებერვლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1991–1995 წლებში ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი. ხოლო სტატისტიკურ სამუშაოთა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი სტატისტიკის შესახებ.

   1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტატისტიკის პრიორიტეტული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების მიზნით, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის N181 დადგენილების შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სტატისტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი, რომლის პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 
    1996 წ შექმნილი სტატისტიკის სახელმწიფო დროებითი კომისიის შემადგენლობაში შედიოდა: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი პირები. 1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი “სტატისტიკის შესახებ”. 
   2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის დეპარტამენტი.
    დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს. მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.
















1 comment:

  1. ძალიან საინტერესოა მაგრამ დავალება სხვა საკითხს ეხებოდა. ანუ ზოგადად სტატისტიკაზე კი არ უნდა ყოფილიყო "პოსტი" არამედ ინტერნეტ სტატისტიკის სისტემებზე. გადახედე შენი მეგობრების პოსტებს და ალბათ უფრო გასაგები გახდება რას ვგულისხმობ :)

    ReplyDelete